არცერთი პუნქტი, რომელიც ითვალიწინებს 314-ე მუხლს, ჯაშუშობას, არ დარღვეულა ირაკლი ჩიხლაძის მიერ, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, - ამის შესახებ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეს პროკურორი თუ გრიფით საიდუმლოს მოხსნის, საქმის მასალებზე დეტალურად ისაუბრებს.

"მოლოდინი რაც იყო, სასამართლომ დატოვა პატიმრობაში ირაკლი ჩიხლაძე. მე პროცესამდე როგორც გითხარით, კითხვები დავსვი, ეს კითხვები ეხებოდა თუ რა საიდუმლო ინფორმაცია, ან შემცველი დოკუმენტი გადასცა საკონტაქტო პირს და ან ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატებოდა, იქნებ, ამაზე ეპასუხათ, მაგრამ პასუხი ვერც ამ შემთხვევაში ვერ მივიღე. კიდევ ვიმეორებ, რომ არცერთი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს 314-ე მუხლს, ჯაშუშობას, არ დარღვეულა ირაკლი ჩიხლაძის მიერ, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო.

არ ვიცი, პროკურორმა და გამომძიებელმა რა ისაუბრეს, დაცვის მხარე მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. 

ირაკლი ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. 

ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.