როგორც ნიკა აღნიშნავს, მასზე განხორციელდა ძალადობა სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვინმე ჩოქურის მხრიდან. მოვითხოვთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაიწყოს მყისიერად გამოძიება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას უფლებადამცველმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიაზე სავარაუდო ძალადობა ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში მოხდა.

"მოგეხსენებათ, გუშინ, როდესაც უკანონოდ დააკავეს ნიკა მელია, მართალია, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ითვლება საქართველოს პარლამენტის წევრად, გადაიყვანეს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში, სადაც, როგორც ნიკა აღნიშნავს, მასზე განხორციელდა ძალადობა სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვინმე ჩოქურის მხრიდან. 

მე მინდა, შევახსენო ყველას, რომ კონვენციური დანაშაულები არის ხანდაზმულობის მიღმა. შეიძლება, გავიდეს მრავალი ათეული წელი და ადამიანები მიცემული იქნან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

ჩვენ მოვითხოვთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაიწყოს მყისიერად გამოძიება ნიკა მელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, როდესაც იგი იყო დაკავებული, ხელბორკილ დადებული პოლიციის სამმართველოს შენობაში, ამოღებული იქნეს ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომელიც არის მრავლად პოლიციის შენობაში და მიეცეს ფაქტს შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია 2 თებერვალს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესის დარღვევის ფაქტზე დააკავეს და იმავე დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.