დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა. განვიზრახე, მომეკლა. დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე, - ამის შესახებ ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაპირველად დაშორდნენ და დაშორებიდან ორ დღეში დაიწყო აბრამიძემ კონკრეტული ვიდეოების გავრცელება.

"მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა. განვიზრახე, მომეკლა. აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი. ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე მეთქი, ვკითხე. დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე", - განაცხადა ბექა ჯაიანმა ჩვენებაში, რომელიც პროცესზე გავრცელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართველი ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელის ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს აჯამებდა და პარალელურად, საქმის მოწმის ჩვენებებიც გასაჯაროვდა. 

37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ ბინაში მისმა მეგობარმა მამაკაცმა 26 წლის ბექა ჯაიანმა ცივი იარაღით  - დანით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.