საპროცესო შეთანხმების ზუსტი პირობა არ არის მიღწეული და შესაბამისად, ჩემგან არ იქნება სერიოზული მოლოდინებზე საუბარი. როგორც კი მეცოდინება და მსგავსი შეთავაზება იქნება გაკეთებული, აუცილებლად საჯაროდ შეგატყობინებთ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი საქმე დღეს დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, მომდევნო საქმეზე სხდომა ჩანიშნულია სააპელაციო სასამართლოში 28 სექტემბერს.

"საქმე განიხილება სააპელაციო სასამართლოში. ამ საქმეზე დღეის მდგომარეობითაც მიმდინარეობს აქტიურად მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტული პირობები ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის. მე თითოეულ ჩემ სიტყვაზე პასუხს ვაგებ მას შემდეგ, რაც ამ საქმეში ჩავერთე. პირველი საქმე დღეს დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, მომდევნო საქმეზე სხდომა ჩანიშნულია სააპელაციო სასამართლოში 28 სექტემბერს. საპროცესო შეთანხმების ზუსტი პირობა არ არის მიღწეული და შესაბამისად, ჩემგან არ იქნება სერიოზული მოლოდინებზე საუბარი. როგორც კი მეცოდინება და მსგავსი შეთავაზება იქნება გაკეთებული, აუცილებლად საჯაროდ შეგატყობინებთ. 

ზოგადად, საპროცესო შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, გამოძიებას შეუძლია გარკვეული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები გამოიყენოს. მეორე, ჯუანშერ ბურჭულაძეს რომ ნდომებოდა თანამშრომლობა, მას პირველივე დღიდან შეეძლო ეთანამშრომლა და მოგეხსენებათ ის თითქმის ერთი წელია სასჯელს იხდის. რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილს, მე დარწმუნებული ვარ, მათ შორის შესაძლებელია გარკვეული დიალოგი არსებობდა აღნიშნულთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება.