ნადიმ ხმალაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

მისი თქმით, კრიმინალური პოლიციიდან დაურეკეს და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს, რის შემდეგაც მან მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა არჩია.

ნადიმ ხმალაძე განმარტავს, რომ ის 4 ოქტომბრის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული არ ყოფილა.

'მე ცოტა ხნის წინ დამირეკა გამომძიებელმა კრიმინალური პოლიციიდან, პირდაპირ ეს მითხრა, როცა ვიკითხე კონკრეტულად რასთან დაკავშირებით მიბარებთ-მეთქი, პასუხი იყო ასეთი - 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.

მე შევეკითხე, მაქვს თუ არა უფლება მე ავირჩიო თქვენთან მოსვლა, თუ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა-მეთქი, რაზეც მიპასუხა ძალიან თავაზიანად - თქვენ ამის უფლება გაქვთო. მე ავირჩიე მაგისტრ მოსამართლესთან მისვლა, დაკითხვა არის ეს თუ რა არის. მე გამაგებინებენ ხვალ, დღის პირველ ნახევარში და მერე მეცოდინება როდის ჩანიშნავენ მაგისტრ მოსამართლესთან პროცესს.

მე ამას ღიად ვამბობ და ჩემ Facebook გვერდზე ჩანს ყველაფერი კიდევაც, მე ორგანიზებაში, რასაც ორგანიზება ჰქვია არ ვიყავი, მე მოვუწოდებდი ხალხს მშვიდობიანი რევოლუციისკენ, ამას ყოველთვის ვამბობდი და ყველა ჩემ მიმართვაში Facebook-ზე ღიად ვამბობ. რაც შეეხება, დანარჩენს, გეგმებს თუ არსებობდა, არ არსებობდა, ეს მე რამდენჯერმე ვთქვი, იყო მშვიდობიანი აქცია დაგეგმილი, მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც საქართველოში ბევრჯერ მომხდარა, 2-ჯერ მინიმუმ. მეტი არ ვიცი რა გითხრათ", - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.