შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს, მათ შორის, 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები -  „მარიხუანა“ და „ალფა პვპ“. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი.

სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.