გურიკამ საიტი თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, ცოცხალი ვარ და მოვდივარო. პროკურატურაშია გადაცემული და გამომჟღავნდება ყველაფერი, - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიღაც ამ თემით თამაშობს, თუმცა ეჭვი არავისზე აქვს.

“მე ვიცი, რომ გურიკას საიტია და ისიც ვიცი, რომ გურიკამ საიტი თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, ცოცხალი ვარ და მოვდივარო. გურიკა კახა გელაშვილს რისთვის მისწერდა, როცა დედა და მამა ჰყავს?!… ვიღაც აკეთებს ამას და თამაშობს. არ ვიცი, ამ საქმეს თუ სათამაშოდ ხდის, მაშინ ეს ხალხის აგდება გამოდის.

მაგ ვფიქრობ, რომ ეს არის სიცრუე. იმიტომ, რომ გურიკას ქვეყანა ხალხი ჰყავს, დედა ჰყავს, მამა, მამიდა, ბიძა, ბიძაშვილები - ჩვენ მოგვწერდა, რაღა კახა გელაშვილს მისწერდა. არავისზე ეჭვი არ მაქვს.

პროკურატურაშია გადაცემული და გამომჟღავნდება ყველაფერი. ადვოკატმა მითხრა, დავადგენთ ყველაფერსო და არაფერი არ ვიცი სხვა", - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა.

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის სოციალურ ქსელში ღამით ოსურად პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც ითარგმნება - “დრო მოვიდა”.