შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ძვირად ღირებულ ტექნიკას, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.