სანდრო წივწივაძეს ბრალდების მხარე ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადაცემას უძილაურისთვის. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფიგურანტი სანდრო წივწივაძის ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობდა, გამოძიება ჩიხში შეეყვანა.

"ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობდა, გამოძიება ჩიხში შეეყვანა. სანდრო წივწივაძის პირველი წარდგენის სასამართლო პროცესი იყო, ვისაუბრე იმაზეც, თუ რატომ დატოვეს უძილაური საქართველოში დამკვეთმა პირებმა. უძილაური სწორედ იმიტომ დატოვეს საქართველოში მკვლელობის დამკვეთმა პირებმა მკვლელობის შემდგომ, რომ შესწავლილ პიროვნება სანდრო წივწივაძესთან მოეხდინათ მისი ასოცირება.

ცალსახა არის, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა არის შეკვეთილი. სანდრო წივწივაძეს ბრალდების მხარე ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადაცემას უძილაურისთვის. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. 

გელა უძილაური როდესაც მუშაობდა ჯოხაძესთან, ესეც გათვლა იყო დამკვეთი პირების მხრიდან, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ვინაიდან და რადგანაც, ყველა ისარი მიმართულიყო სხვა პირებისკენ. ზუსტად ეს იყო დამკვეთების გათვლა", - განაცხადა გიორგი ბარდაველიძემ.

14 მარტს, ღამით თბილისში, ჭავჭავაძეზე "კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის, მეტსახელად "სოხუმსკის" ბიზნესმენი ძმა ლევან ჯანგველაძე მოკლეს. აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. გამოძიების ცნობით, წივწივაძემ 2018-2019 წლებში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები უკანონოდ გაასაღა სხვადასხვა ადამიანებზე. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი კი ჯანგველაძის მკვლელობისას იყო გამოყენებული.