შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის,  იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,  სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 9 პირი დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარებისა და  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის  ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული დ.ხ.; 1987 წელს დაბადებული ო.მ.; 1985  წელს  ნ. მ., 2004 წელს დაბადებული მ.ტ., 1995 წელს დაბადებული ო.ო., წარსულში ნასამართლევები: 1983 წელს დაბადებული დ.ქ., 1990 წელს დაბადებული ვ.ხ., 1976 წელს დაბადებული ნ.გ.  და უცხო ქვეყნის მოქალაქე: 1986  წელს დაბადებული ო.ა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის  პისტოლეტები, მჭიდები და  საბრძოლო ვაზნები.

ერთ-ერთი ბრალდებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული  საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და  260-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.