პარლამენტთან შიმშილობს კაცი, რომელმაც ციხეში სასჯელი "ქართული ოცნების" პირობებში მოიხადა - თამაზ მაჭავარიანი "პირველებს" უყვება, თუ რა გადახდა ციხეში, როგორ გადაიყვანა 5-მა ბადრაგმა კლინიკაში, როგორ გაუკეთეს ოპერაცია და როგორ გაეღვიძა 34 საათის შემდეგ.

მაჭავარიანი სწორედ ციხეებში არსებულ ვითარებაზე ცდილობს თვეებია, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან გასაუბრებას, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო მიმართა მან პროტესტის უკიდურეს ფორმას და უკვე 7 დღეა, შიმშილობს. ირკვევა რომ, მოშიმშილე მამაკაცი, პარლამენტში გზავნის წერილებსაც, მაგრამ მას პასუხს არავინ უბრუნებს.

მისივე თქმით, მისი პატიმრობის დროს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო. ამიტომ ახლა მოშიმშილე კაცი წულუკიანს მოუწოდებს, ვიდრე წინა ხელისუფლების  საქმეებს გამოიძიებს, ის გამოიძიოს, რა ხდება ციხეებში მათი ხელისუფლების პირობებში.

"2016 წელს ვიჯექი ციხეზე, ყველა ექიმმა შემამოწმა, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, მქონდა მხოლოდ მარცხენა ფეხის ცერა თითზე სოკოვანი დაავადება. გადამიყვანეს საავადმყოფოში, 5 ბადრაგი მახლდა, ნარკოზი გამიკეთეს, დამაძინეს, ადამიანი რომ ვერ გამოიღვიძებდა ისე. გამომეღვიძა 34 საათის მერე, როგორც მიცვალებულია თეთრ ზეწარში ვიყავი გახვეული მთლად, ხელები გულზე დაწყობილი, პირი აკრული, ფეხები გაკოჭილი, მღვდელი მადგა თავზე და მაზიარებდა. თეა წულუკიანი სხვის საქმეს თუ იძიებს, ვალდებულია თავისიც გამოიძიოს, ეგ იყო იუსტიციის მინისტრი მაშინ. ყველასთან ვითხოვ შეხვედრას, მაგრამ არავინ არ მხვდება. თენგიზ  შარმანაშვილმა გაიარა, ვუძახე და სულ არ მოუხედავს აქეთ. იცის, რომ მეშვიდე დღეა, აქ ვშიმშილობ. სხვას რომ ასამართლებ, ჯერ შენი თავი გაისამართლე", - ამბობს მაჭავარიანი.