ამ საქმეში მტკიცებულებები ყველას მიმართაა, გარდა ელისო კილაძისა, - ამის შესახებ ელისო კილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ელისო კილაძის შენაძენებითაც დგინდება, რომ მას 2023 წლამდე აქვს ყველაფერი შეძენილი და არა "ქოლცენტრების" საქმიდან.

"ყველაფერია ამ საქმეში მტკიცებულებები ყველას მიმართაა, გარდა ელისო კილაძისა. ედავებიან ორ მუხლს - ერთია თაღლითობა, რაც ნიშნავს, რომ ელისო კილაძეს უნდა მოეტყუებინა ვიღაცა და ამ გზით დაუფლებოდა მის ქონებას, ან ფულს და ასეთი შემთხვევის არცერთი მტკიცებულება არ არის. მეორე ბრალდებაა, რომ ელისო კილაძეს უნდა მიეღო უკანონო შემოსავლები "ქოლცენტრებიდან"  და ამ შემოსავლებით უნდა "გაეთეთრებინა" ფული, შეეძინა ქონება. არც აქ არის არანაირი მტკიცებულება.

ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ მათ "ქოლცენტრები" ჰქონდათ და აგუგუნებდნენ ქარხანას, მაშინ, 2023 წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო შენაძენი ელისო კილაძის მხრიდან და ელისო კილაძეს რაც აქვს შეძენილი, ყველა 2023 წლამდეა", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. პროცესი დახურულია. ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.