წერილი გლდანის ციხიდან - მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ციხის ერთ-ერთი ბადრაგი, სახელად იაშა გუბანოვი პატიმრებზე ფიზიკურად ძალადობს და შეურაცხყოფას აყენებს.

გლდანის ციხის ბინადარი ირწმუნება, რომ გუბანოვს სერიოზული მფარველები ჰყავს. მისივე თქმით, ბადრაგი განსაკუთრებული აგრესიულიით და ცინიზმით ახალმისული პატიმრების მიმართ გამოირჩევა - "გუბანოვი წინა ხელისუფლების მმართველობის დროსაც ავიწროებდა და აწამებდა პატიმრებს".

"ტვ პირველისთვის" გაგზავნილ წერილში, მსჯავრდებული საპყრობილეში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს, ამბობს, რომ საკვები უვარგისია, სამედიცინო მომსახურების მისაღებად კი მსჯავრდებულებს უსასრულოდ უწევთ ლოდინი.

"სოსისი გაურკვეველი წარმომავლობისა, მოხარშული კვერცხი ხშირად მოდის გაფუჭებული, ხოლო ლობიოში კენჭებია", - წერს წერილში პატიმარი.

"პირველები" მსჯავრდებულის ინტერესებიდან და თხოვნიდან გამომდინარე, პატიმრის ვინაობას არ ასახელებს. მისი თხოვნა იყო, რომ მისი ვინაობა კონფიდენციალური დარჩეს.

"მოგესალმებით გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულებიდან.

არ მსურს გავამჟღავნო ჩემი ვინაობა, რადგან ძალიან დიდი შანსია, რომ ადმინისტრაციის მხრიდან პრობლემები შემექმნას - თუმცა მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომელსაც ჩემთან ერთად ასეულობით მსჯავრდებული განიცდის. 

მინდა გიამბოთ რეჟიმზე, რომელიც №8 პენიტენციურ დაწესებულებაშია. მე-3 კორპუსში მუშაობს ოფიცერი, იაშა გუბანოვი, რომელიც 20 წელზე მეტია სხვადასხვა ციხეში მსახურობს. მარტივად რომ ვთქვათ, ქართულ ოცნებას ციხეში ჰყავს ადამიანი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროსაც ავიწროებდა და აწამებდა პატიმრებს. იაშა გუბანოვი განსაკუთრებით აგრესიულია ახალი და გამოუცდელი პატიმრების მიმართ — გამოირჩევა ირონიით, ცინიზმით და დამამცირებელი დამოკიდებულებით. არ ვიცი, ვინ მფარაველობს მას და ვინ აძლევს უფლებას პატიმრების დაცინვას და სრულფასოვანი ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას.

ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ ბევრი რამ გამკაცრდა და აიკრძალა. თანამშრომლებმა დაიწყეს უხეში საუბარი და არასათანადო მოპყრობა. 

რამდენიმე დღის წინ თქვენს არხზე ვუყურე კახა კალაძის ინტერვიუს, სადაც ქალაქის მერი ამტკიცებდა, რომ ციხეებში არსებული ვითარება საუკეთესოა. მინდა გითხრათ, რომ ეს სრული ტყუილია. ციხეში პატიმრებს გვაწვდიან ნახევრად უმ და უხარისხო საკვებს. სოსისი, რომელსაც გვაძლევენ, არის გაურკვეველი წარმომავლობის - შეფუთვაზე არანაირი წარწერა არ აქვს, მხოლოდ “რძიანი” წერია, რაც ასევე სიცრუეა. მოხარშული კვერცხი ხშირად მოდის გაფუჭებული, ხოლო ლობიოში კენჭებია.

ჯანდაცვის სისტემა საერთოდ არ მუშაობს - არ აქვთ მედიკამენტები, რომლებიც ჩვენ, დახურული დაწესებულების პატიმრებს გვჭირდება. უკვე წელიწადზე მეტია აქ ვიმყოფები, მაქვს მხედველობის პრობლემები და ოფთალმოლოგს უშედეგოდ ვთხოვ დახმარებას.

გთხოვთ დაიცვათ ჩემი და ჩემი ოჯახის კონფიდენციალურობა, რათა ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას" - პატივისცემით, №8 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი.