4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ამ ქალაქში ჩამოიტანდა ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, სპორტის სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძე სპორტის სასახლეში UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი, ღირსეული, ნიჭიერი ხალხით და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია.

"მინდა მოგესალმოთ ძვირფასო რუსთაველებო, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სპორტული კომპლექსის გახსნა და მინდა მოგილოცოთ UFC-ის ქამარი, რომელიც დღეს რუსთავშია.  4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ ეს ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ამ ქალაქში ჩამოიტანდა ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადოთ ილიას და მივულოცოთ მას ეს წარმოუდგენელი წარმატება. რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი, გამორჩეულად ღირსეული, ნიჭიერი ხალხით. ამის ერთ-ერთი საუკეთესო, თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია და ეს ქალაქი რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. დღევანდელი დღე, ამ დარბაზის გახსნაც არის იმის გამოხატულება, რომ მაქსიმალური ზრუნვა არის საჭირო ამ ქალაქზე, რუსთავზე.

სპორტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბევრი თვალსაზრისით, სპორტი ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნე ჩვევებისგან ადამიანების დაცვას. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.

რუსთავში მრავალფუნქციური დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას მოემსახურება. დარბაზში შესაძლებელი იქნება  ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში.

ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის 24 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.