თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. 22 წლის დავით ბლიაძე უგონო მდგომარეობაში სახლში იპოვეს.

გარდაცვლილის ბაბუა "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ მისმა შვილიშვილმა ნარკოტიკი Telegram-ის საშუალებით შეიძინა და ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო. მოხმარების შემდეგ კი ცუდად გახდა.

დაღუპულის ოჯახის წევრის თქმით, ნარკოტიკი "მეფედრონი" რუსეთიდან შემოდის, ხოლო მისი შვილიშვილი ერთადერთი არაა ვინც დამოკიდებული გახადეს.

დავით ბლიაძის ახლობლების თქმით, კლინიკაში ზედოზირებით არაერთი ახალგაზრდა ნახეს.

"ეს იყო იძულებითი მსხვერპლი, ისე გახრწნეს ეს ბავშვი, დამოკიდებული გახადეს. ეს არის წამალი "მეფედრონი", წამალია თუ შესაყნოსია ეგეც არ ვიცი, წამალზე უფრო უარესი რაღაც არის, რომელიც რუსეთიდან არის შემოტანილი.

რომ მივიდა ვითომ პროგრამის, უთხრეს რომ შენ აქედან რაღაცას წაიღებ, უთხრეს, რომ ვითომ ფულს აძლევენ, რომ შეიტყუონ, ამაში ჩვენ გადაგიხდით რა ვიცი რამდენს, ამას წაიღებ, იქ მიიტან, იმას მისცემ, პირველი ეგ იყო და შემდეგ პარალელურ რეჟიმში თვითონ არჩევენ რა დოზით შესვან, დამოკიდებული რა დოზით გახადონ.

ანალოგიური სიკვდილით გარდაიცვალნენ ეს ბავშვები, თითქმის 100-მა პროცენტმა მშობლებმა ვერ მოახერხეს ექსპერტიზის დასკვნის აღება და გამოძიების დაწყება. 2 მომიგზავნეს, რომ რა სიტუაცია იყო შიგნით. ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს, სუყველა ემიგრანტები არიან. ესენი მუშაობენ ბავშვებზე, რომლებიც უპატრონოდ არიან მეტ-ნაკლებად.

მდინარაძე ხომ გამოვიდა და სულ სიტყვით და სიყვარულით... სიყვარულით გელაპარაკები აგერ, ფაქტებს მოგცემ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაზე ხდება და ხომ არ გაგინებ, ხომ არ ვიგინები.

მე ისედაც მკვდარი ვარ, ანგელოზივით შვილიშვილი მიწაში ჩავდე და მეორე საკუთარი შვილი 17 წლის შშმ პირია და დიუშენის პრობლემებს ებრძვის. ჩემი ბრძოლაც ზუსტად ემსახურება იმას, რომ ეს შეწყდეს და ჩემი დათო იყოს ბოლო გარდაცვლილი ბავშვი", - აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.