ამათ ცირკი ეგონათ, გიგა ავალიანი, მზესავით ბიჭი მოკლეს და ცირკაობა დაიწყო ყველამ,  - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

"გიგას ეპიზოდზე საქმის მომზადების ნაწილში ჰქონდათ თუ არა მონაწილეობა, არ იკვეთება, აღსრულების ნაწილში კი არ იკვეთება, უბრალოდ, მერე უკვე დემეტრე ჩიქოვანი რომ ამბობდა, რომ ასე ნახევარი დიღომი უნდა დაიჭირონ, ეს ყველამ იცოდაო, მათ ეს აუცილებლად ეცოდინებოდათ იმიტომ, რომ ეს იყო ერთი დიდი საძმო.

მე ახლა ვციტირებ დემეტრე კასრაძის სიტყვებს სასამართლო პროცესიდან - მან თქვა, "რომ ძმაკაცობა მეგობრობაზე დიდია და ესენი ჩემი ძმაკაცები არიან", ასე რომ, მათ ერთმანეთის ჩასუნთქულ-ამოსუნთქული ჰაერის შესახებაც კი ყველაფერი იცოდნენ. 

იცით, რომ დემეტრე კასრაძემ სასამართლო პროცესზე ჩვენება შეცვალა? ამათ ცირკი ეგონათ, გიგა ავალიანი - მზესავით ბიჭი მოკლეს და ცირკაობა დაიწყო ყველამ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა 2 პირს. ირაკლი სულაბერიძემ და დემეტრე კასრაძემ, 2025 წლის თებერვალში გაბაშვილთან, რიკაძესთან, ჩიქოვანთან და სხვა პირებთან ერთად, დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს დანიშნულ ადგილას და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს. ამავე წლის ივლისში კი გაბაშვილთან, რიკაძესთან და სხვა პირებთან ერთად ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.