გოცირიძე ჯიბეში დანით და ხმამაღალი გინებით რუსთაველზე მივიდა, ჩხუბი თვითონ ატეხა და პოლიციამ კი ის ადამიანები დაიჭირა, ვინც მას დანა წაართვა, შემდეგ პატრულს გააყვანინა და ვინ იცის, იქ მყოფი სხვა ადამიანები რამხელა უბედურებისგან გადაარჩინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ღია საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი წერს.

"რუსთაველზე ჩემი და თორნიკეს "სამორიგეო" ადგილები გვერდიგვერდ, - ზედ შუა გზაზე, ღერძულა ხაზთან დაემთხვა. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს რუსთაველამდეც ვიცნობდით და მერე მისი ნახვა განსაკუთრებით მიხაროდა ხოლმე.

მე არ ვყოფილვარ იმ საღამოს, როცა ნაკაცარმა ბექა გოცირიძემ ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი. დანა ამოუვარდა, ბიჭებმა ის პატრულს გადასცეს და "დააოქმებინეს". პატრულმა გაიყვანა თვითონ ის არაკაციც, აქედან ყველანაირი ექსცესების და შეურაცხყოფების გარეშე.

ანუ: ეს გოცირიძე ჯიბეში დანით და ხმამაღალი გინებით რუსთაველზე მივიდა, ჩხუბი თვითონ ატეხა და პოლიციამ კი ის ადამიანები დაიჭირა, ვინც მას დანა წაართვა, შემდეგ პატრულს გააყვანინა და ვინ იცის, იქ მყოფი სხვა ადამიანები რამხელა უბედურებისგან გადაარჩინა.

თორნიკე, აუცილებლად და მალე შევხვდებით ისევ ჩვეულ ადგილას, მინდიასთან ერთად. ბურთსაც ისევ გააგორებ. ბექა გოცირიძესაც აუცილებლად ვნახავთ თქვენთან ბოდიშების მოსახდელად ჩოქვით მოსულს. შენნაირი ადამიანები გვყავს და ამიტომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არ შეიძლება", - წერს საბა ბრაჭველი. 

დღეს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების 2 მონაწილე დააკავეს. მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.