დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებასა და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული უნდა იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე,  სამართლიანობასა და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე.

"26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის ქრისტიანული რწმენის და ფასეულობების დაცვისთვის. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება - ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი.

დამოუკიდებლობის მოპოვების და განმტკიცების გზაზე საქართველო მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნული გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი როდია?! ის უპირველესად ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება რწმენის, სამშობლოს და მოყვასის ერთგულება. 

დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს, მათ, ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში მრავალწლიან გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობისა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი. მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად.

წელს აღვნიშნავთ 1 700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის, ის შეგვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ჩვენს ხალხს ასწავლა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმტკიცე განსაცდელის ჟამს და სამშობლოსათვის თავგანწირვა. ამ ღირებულებებით განმსჭვალულმა ქართველმა ერმა გაუძლო მრავალ ქარტეხილს და ქრისტეს რწმენით განმტკიცებული კვლავ აღდგა, გაძლიერდა და არა თუ გადარჩა და შეინარჩუნა თავისი იდენტობა, არამედ დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერებისა და კულტურის საგანძურში.

დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებასა და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას.

ასევე, მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული - თქვენ თავისუფლებისათვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე, ამიტომ, მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე, ადამიანს შთააგონებენ, თითქოს, თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა, შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. სწორედ ამ ღირებულებებით გაზრდილი თაობა შეძლებს, შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობასა და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება. 
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს და გააერთიანოს სრულიად საქართველო, ამინ!", - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.