ვუთხარი, რომ გადავკეტე გზა და უშუალოდ რამდენიმე მანქანა შევაჩერე. ამას ჰქვია, რომ ვერ დამიჭირეს, პატრიოტიზმს ფუთავენ ქვეყნის ღალატად, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის გზის გადაკეტვაში თავს დამნაშავედ არ თვლის.

"რასაც ისინი წარმოადგენენ, ეს არის უხეირო საწყალი ფაფხური. ისინი ეჭვიანები არიან იმიტომ, რომ მათში არ არის სიმართლე, ისინი ვიგინდარები არიან. ადამიანებს დასდევენ, იჭერენ მყისიერად, თითქოს ძალიან სასწრაფოა.

მე მივედი და ვუთხარი, რომ იგივე გავაკეთე მეც, გადავკეტე და უშუალოდ რამდენიმე მანქანა შევაჩერე. ვერ დამიჭირეს, ამას ჰქვია, რომ ვერ დამიჭირეს, მათ ეს უნდათ შეფუთონ, რომ მე მათთან ვთანამშრომლობ. მე რომ ვთანამშრომლობდე, მაშინ მე სინანულს უნდა ვგრძნობდე და როცა მოვდივარ და გეუბნები, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა ეს და არ მიმაჩნია თავი კანონდამრღვევად, მე ამას გავაკეთებ ხვალაც და ზეგაც, ამის მერე რა ლოგიკით შეიძლება დაარქვა ამას თანამშრომლობა. საქართველოს პოლიცია არის მაფიოზური კლანის დაქვემდებარებაში არსებული შეიარაღებული ძალა, უბრალოდ ანარეკლია პოლიციისა.

პატრიოტიზმს ფუთავენ ქვეყნის ღალატად და ქვეყნის ღალატს - პატრიოტიზმად, ამათ რა დაეჯერებათ. ეს არის დაბნეულობა, საბოლოო ჯამში, გამოვიდა ის, რომ სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია არიან მართული ერთი ადამიანის ან ჯგუფის გზავნილებზე, რომლებიც რუსეთიდან იმართებიან", - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. ის რამდენიმე დღის წინ პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მივიდა, პროცესი კი დღეს ჩაინიშნა.