ორთაჭალაში თბილისის მუნიციპალიტეტის „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ 1968 წლიდანაა განთავსებული, კაპიტალურად შეკეთდა.

"ძალიან კარგი პროექტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბიბლიოთეკების მოწესრიგებასა და განახლებას. წლების განმავლობაში ამ მიმართულებას ყურადღება არ ექცეოდა და უმძიმესი მდგომარეობა იყო. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, რომ ქალაქში არსებული ყველა ბიბლიოთეკა კი არ უნდა გაუქმდეს ან გაიყიდოს, არამედ ჩაუტარდეს რეაბილიტაცია, განახლდეს და როგორც ახალგაზრდებს, ისე, ზოგადად, ყველა თაობის ადამიანს ყველანაირად მოწესრიგებული სივრცით სარგებლობის საშუალება მივცეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის სივრცე შეიქმნა.

"ბიბლიოთეკაში შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის გახსნილ და მაქსიმალურად მოხერხებულ სივრცედ გაკეთდა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცე და განთავსდა სტაციონარული კომპიუტერები, რომლებიც ბიბლიოთეკის სერვისებით ნებისმიერი მოსარგებლისთვის ხელმისაწვდომია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განახლდა და გადახალისდა წიგნადი ფონდიც - კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურას დაემატა უახლესი გამოცემები.

"ბიბლიოთეკა ასევე სრულადაა აღჭურვილი, რათა უმასპინძლოს წიგნის წარდგენებს და სხვადასხვა სახის სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს. ამისთვის ყველანაირი საჭირო ტექნოლოგია უზრუნველყოფილია“, - განაცხადა თბილისის მერმა.