ხელისუფლებას ვეტყვი, არ ვემორჩილები მათ კანონს, მაინც გავაკეთებ ჩემსას, - ამის შესახებ აზა ჩილაჩავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მან იცის, რომ გამეორებით დაკავების შემთხვევაში სისხლის სამართლის დავა იქნება და ამის მიუხედავად, აპირებს რუსთაველზე დგომას.

"ხელისუფლებას ვეტყვი - არ ვემორჩილები მათ კანონს, მე რუსეთი არ მინდა, გენოციდი მოგვიწყო რუსეთმა, ოკუპაცია, მე ვიბრძვი და ხვალ ისევ იქ, რუსთაველზე დავდგები. მე არ შევუშინდები, მაინც გავაკეთებ ჩემსას. თვითონ ირგებენ ამ კანონებს, თორემ ვის მოარგეს, ჩვენ? მე არ დავემორჩილები, მე ვიცი, რომ ხვალ რომ გავალ, ვიქნები სისხლით გასამართლებული, ვიქნები, წავალ და დავჯდები.

მზად ვარ დაკავებისთვის, არ მეშინია. "ქართულ ოცნებას" ვეტყვი, რომ რუსებს ვერ დავუთმობ. ისეთ განათლებულ ახალგაზრდებს იჭერენ. უსამართლობას არ უნდა ემსახურებოდეს მთავრობა", - განაცხადა აზა ჩილაჩავამ. 

71 წლის აზა ჩილაჩავა 2 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას ერთდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.