ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ. XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.

"აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.