მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.

"დამატებითი ამოსასვლელის მოწყობის შედეგად, გაუმჯობესდება საქვეითო მისაწვდომობა და მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა, გახდება  უფრო ადვილად მისადგომი. ასევე, გაიზრდება ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლა-ამოსვლას შეძლებენ უფრო სწრაფად და კომფორტულად. მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურების მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ინკლუზიური ხელმისაწვდომობის მიზნით, გაუმჯობესდება შიდა და გარე წვდომა თბილისის რამდენიმე სადგურზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პროექტის კონცეფცია შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის საფუძველზეც, მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების  მოწყობისთვის ამჟამად,  დეტალური პროექტის მომზადება მიმდინარეობს.

"აღნიშნული მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. აზიის განვითარების ბანკს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის ამ ტიპის სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვანია.

გვახსოვს, პიკის საათებში მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, პრობლემური იყო მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ შესვლა. შემდეგ გარკვეული პროექტი განვახორციელეთ და ამით აღნიშნული პრობლემა მოიხსნა, თუმცა მაშინვე დავაანონსეთ, რომ ახალი ჩამსვლელ-ამომსვლელების მოწყობის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.