თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს მეორედ უჩივლა - ამის შესახებ ტელეწამყვანი ვიდეომიმართვაში საუბრობს, ირკვევა, რომ იდენტური საჩივარი, რაც წულუკიანს სასამართლოში აქვს შეტანილი ამჯერად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში შეიტანა.

"თეა წულუკიანმა ისევ, მეორედ მიჩივლა. პროცესი უნდა გვქონოდა სულ რამდენიმე დღეში, 16-შია ჩანიშნული, მაგრამ როგორც ჩანს, წულუკიანს სასამართლოს გზა ან ეპრობლემება, ან ეგრძელება. ზუსტად იდენტური საჩივარი, ზუსტად იდენტური მოთხოვნა და მიმართა ამჯერად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. მედავებიან, რომ არასწორი ინფორმაცია გავავრცელე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელამ, ეტყობა არ იცის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დავა უკვე სასამართლოში მიდის. ხალხო, ლელამ ჩემს სტატუსთან დაკავშირებით შექმნა საგამოძიებო კომისია, გესმით ახლა რას გეუბნებით? ამხელა სამსახურის უფროსმა საგამოძიებო კომისია შექმნა, რომ შეისწავლოს ჩემი სტატუსის მოტივი რა იყო, სადაც ვამბობდი, რომ თეა წულუკიანის მამა, ავთანდილ წულუკიანი სიკვდილით სჯიდა ადამიანებს.

ეს კანონი, ჩემზე როგორც მედიის წარმომადგენელზე არ ვრცელდება. იმედის ქეისის პრეცედენტით, სადაც ამავე სამსახურმა თქვა რომ მედიაზე ეს კანონი არ ვრცელდება", - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.