სამოქალაქო და მედია სექტორის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საჩივრები კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობაა.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დასაცავად საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვენ.

„გამოვხატავთ ძლიერ შეშფოთებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში მოქმედი წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების - „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“, ასევე „მთავარი არხის“ (ვებგვერდი და სოციალური პლატფორმები) - წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო, რომელთა შინაარსიც ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობას წარმოადგენს. კერძოდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენება აუკრძალოს: „რეჟიმის პატიმრები“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის პრემიერი“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. საგამოძიებო კომისია“, „ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე“ და სხვ.

კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, “ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ იმყოფება.

საჩივრებში ტელეკომპანიები დადანაშაულებული არიან „მიკერძოებულ გაშუქებაში“, „დეზინფორმაციის გავრცელებასა“ და „მმართველი პარტიის მიმართ ბალანსის დარღვევაში“. თუმცა, საქმე გვაქვს იმგვარ შემთხვევებთან, როდესაც მაუწყებლების მხრიდან დაცულია კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტანდარტები, გამოთქმულია რედაქციული ხასიათის მოსაზრებები, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების ავტორები საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს მიმართავენ და ითხოვენ:

„მკაფიოდ და საჯაროდ დაგმონ მარეგულირებელი ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ; მოითხოვონ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობა და პროცედურული სამართლიანობა; უზრუნველყონ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა საქართველოში, მათ შორის, სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმებით; დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა. კრიტიკული მაუწყებლების სამართლებრივი დაშინება წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე მის საერთაშორისო ვალდებულებებთან. ვგმობთ, მედიაზე ცენზურის დაწესების ამ ფორმებს და მოვითხოვთ საერთაშორისო მხარდაჭერას ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, Start Now, „ალტერნატივა ჯორჯია“, „საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა“, „მედიის განვითარების ფონდი“, რადიო „მარნეული“, „სამოქალაქო პლატფორმა - ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“, „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, „დოკუმენტური კინოს ასოციაცია“, „დემოკრატ მესხთა კავშირი“, „პლატფორმა სალამ“, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“, NEO TV და „ქართული მედია ჯგუფი“ (GMG), „პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი“, „მთის თემი“ ააიპ, „ევროპის ფონდი“, „განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი“, ფონდი „აურეს“, „შშმ ქალთა ალიანსი“, Bbsa- Georgia, „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“, „შავი ზღვის ეკო-აკადემია“, „საფარი“, „საორსა“, ააიპ „ლომეკი“, „ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT“, „ქალი და განვითარება“, „საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა“, აწსუ, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (hrc), „პრევენცია პროგრესისთვის“, „პუბლიკა“.