ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

"ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები გაჩნდა, ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. პრობლემის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მივიღეთ ყველა აუცილებელი ზომა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და გადაუდებელი წესით დაიწყო აღდგენის სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება სრულად უსაფრთხოა.

"პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, აღდგა დამცავი მოაჯირები, ხოლო სავალი ნაწილის დაზიანებულ მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები. დაიგო ასფალტის საფარი და საავტომობილო გზა დაიხაზა. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.