უფალი იესო ქრისტე ამ დედამიწაზე მოვიდა, რომ ყველამ ფერი ვიცვალოთ. ჩვენ ყველას, ვინც ვართ მოსული ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან, უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და არ მოუცია ჩვენი დამსახურებებისთვის ან რაიმე შრომისთვის, დაინახა ჩვენში ფერისცვალების შესაძლებლობა, რომ ჩვენ ამ რწმენის მეშვეობით შევცვლით ჩვენ ცხოვრებას, გარდაიქმნება ჩვენი სულიერი ცხოვრება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ღმერთისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებში მოხდეს ფერისცვალება იმის შედეგად, რომ მან ჩადო მათში რწმენის მარცვალი.

"გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს. დღეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე საქართველოს ისტორიისთვის, რადგან სწორედ ამ დღეს, როგორც მოგვითხრობს წმინდა ნინოს ცხოვრება, ქართლის ცხოვრება და სხვადასხვა წყაროები, სწორედ ამ დღეს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ლოცვით, დაიმსხვრა მთავარი კერპები ქართლისა. ალბათ გახსოვთთქვენ ეს ისტორია, იყო კერპების დღესასწაული მცხეთაში და წმინდა ნინოს ლოცვით ამოვარდა საშინელი ქარი, წამოვიდა უზარმაზარი სეტყვა და ამ სეტყვის და მეხის დაცემის შედეგად, სრულიად დაიმსხვრა ეს კერპები. ხალხს ძალიან შეეშინდა, მეფემ და დედოფალმა თავი შეაფარეს და ეს არის ასეთი სიმბოლური დღე, როდესაც დასაბამი დაედო წარმართული რწმენის რღვევას საქართველოში და წმინდა ნინოს მიერ სრულიად საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღეს, მას შემდეგ უკვე გავიდა 1700 წელი და ჩვენ წელს ვზეიმობთ ამ დიდებულ დღესასწაულს. როგორც იხილეთ თქვენ და როგორც იცით, ამ დღესასწაულზე ყოველთვის იკურთხება ხილი, ადამიანებს მოაქვთ ნაყოფები ბაღის ვენახის, ახალი მოსავალი, მაგრამ ფერისცვალების დღესასწაულის არსი და მნიშვლობა არ არის ხილის კურთხევაში. მაშ რაშია? რომ უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, ჩვენ ფერი ვიცვალოთ ყველამ, ჩვენ ყველას, ვინც ვართ მოსული ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან, უფალმა მოგვცა რწმენა, მოგვცა, როგორც ჯილდო და არ მოუცია ჩვენი დამსახურებებისთვის ან რაიმე შრომისთვის, იმიტომ მოგვცა, რომ დაინახა ჩვენში ფერისცვალების შესაძლებლობა, რომ ჩვენ ამ რწმენის მეშვეობით შევცვლით ჩვენ ცხოვრებას, გარდაიქმნება ჩვენი სულიერი ცხოვრება და ამიტომ მოგცა მან ეს რწმენა“, – განაცხადა შიო მესამემ.

მისი თქმით, იესო ქრისტემ ფერისცვალების ქადაგება დასაწყისშივე დაიწყო, როდესაც ხალხში გავიდა და თქვა, შეინანეთ, რამეთუ მოახლოვებულია ცათა სასუფეველი.

"სინანული არის სწორედ იმის დანახვა, რა უნდა შევცვალო მე ჩემს სულიერ ცხოვრებაში და დავიწყო ამაზე ზრუნვა. უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას, ფერი უცვალოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რას ნიშნავს ფერისცვალება – რომ უარესებიდან გავხდეთ უკეთესი და გავხდეთ უფრო კარგები, მაგრამ უფრო კარგები არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით, როგორც ღმერთი ხედავს. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი, ეს შეიძლება, ადამიანმაც იცოდეს, მაგრამ თუ ღვთისგან არის განსწავლული, თუ ადამიანს ეს ცოდნა ღმერთისგან მიღებული არ აქვს, მაშინ ადამიანმა არ იცის სინამდვილეში რა არის კარგი და რა ცუდი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. ასე იბადება, ძვირფასო ძმებო და დებო, საშინელი ცდომილებები, ტრაგიკული შეცდომები, რომელზეც თვით უფალი იესო ქრისტეც გვაფრთხილებდა, მოვა დრო, თქვენ მკვლელებს ეგონებათ, ამით ღმერთს ემსახურებიან. მკვლელობის ერთ-ერთი ფორმა, როგორც ვიცით, ეს არის სიტყვით მკვლელობა, სიტყვითაც შეიძლება, მოკლა ადამიანი და დღეს ხდება ეს არცთუ იშვიათად, რომ სიტყვით ისე იმეტებენ, ისე კლავენ ერთმანეთს ადამიანები, რომ თან ზოგიერთ მათგანს ჰგონია, ამით სიკეთეს აკეთებს და ღმერთსაც კი ემსახურებიან.

როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენ ფერისცვალება, როგორ უნდა მოხდეს ჩვენში და რით დავიწყოთ. უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენი, დავიწყოთ მოთმინება, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით, ვეცადოთ, მოვემსახუროთ ადამიანებს, დავეხმაროთ, ვეცადოთ, შევუმსუბუქოთ, თუ გნებავთ, სნეულების სიმძიმე, სხვა რაიმე სიმძიმე. ჩვენ ასე თუ ვიშრომებთ, ვეცდებით, მაშინ უფალიც შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს და შეიძლება რამდენიმე თვე გავა, თუ წელი, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა ჩვენდა გასაკვირად აღმოვაჩენთ. თუ ზარმაცია ადამიანი შეიძლება, გახდეს შრომისმოყვარე; სევდიანი და მოწყენილი ადამიანი შეიძლება, გახდეს ხალისიანი და ომახიანი; ამპარტავანი შეიძლება, გახდეს თავდაბალი; ხარბი – ხელგაშლილი, ნაყროვანი- მმარხველი; ბრაზიანი, უკმაყოფილო ადამიანი შეიძლება, გახდეს ლობიერი, მოსიყვარული, კეთილგანწყობილი ადამიანი; ასე ნელ-ნელა არა მხოლოდ ჩვენში მოხდება ფერისცვალება, არამედ ჩვენს ირგვლივაც ფერს იცვლიან ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები, იმიტომ, რომ ისინი ასეთ ადამიანში, ვინც ფერს იცვლის ვინც სწორდება, ვინც სულიერად ცხოვრობს, ხვდებიან, ეხებიან სიყვარულს, დახმარებას, მოთმინებას, სათნოებებს, მზაობას, რომ ყველანაირი სიკეთე გააკეთონ და არა პირიქით, აწყენიონ, დაჩაგრონ, უგულებელყონ წაართვან და მოატყუონ და ა.შ. სწორედ ეს სურს უფალს ჩვენგან, რომ ამ გზით ვიაროთ. მუდმივად ყოფნა განკითხვაში, უკმაყოფილებაში, მრისხანებაში და სხვა ვნებებში, ძალიან მძიმე და მტკივნეულია ასეთი ცხოვრება და რა არის, საბოლოო ჯამში, ასეთი ცხოვრება – ნამდვილი ჯოჯოხეთია და სწორედ ამ ჯოჯოხეთიდან ნებავს უფალს, ჩვენ გამოგვიყვანოს და გაგვათავისუფლოს. ამიტომ მოგვიწოდებს ფერისცვალებისკენ, ეს არის ჩვენი მოწოდება. ამ დღეს საღვთო დიდება გამოაჩინა, გამოაბრყვინა უფალმა, მოციქულების დასანახად, რა თქმა უნდა, როგორც მათ ამის დანახვა შეეძლოთ. ჩვენ მოწოდებული ვართ, გავხდეთ თაბორის ნათლის თანაზიარი. ღმერთისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენში მოხდეს ეს ფერისცვალება იმის შედეგად, რომ მან ჩვენში ჩადო რწმენის მარცვალი და მოგვცა ეს დიდი ტალანტი და როგორი ნაყოფი გამოიღო, ორმაგი თუ ხუთმაგი, როგორ ნიადაგში ჩავარდა, კეთილ ნიადაგში, ეკლიანში, კლდოვანში თუ ქვიანში, ვინ გავხდით ჩვენ ამ მარცვალის, ამ დიდი მადლის და ტალანტის მოცემის შედეგად, თუ ჩვენ დავრჩით ისეთები, როგორც ვართ“, – განაცხადა შიო მესამემ.

მისი თქმით, მის უწმინდესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ხშირად უთქვამს, რომ ადამიანი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება სულიერ გზაზე, ან წინ მიდის და ვითარდება, ან დეგრადირებს და უკან მიდის.

„თუ დავმარხეთ ჩვენ ეს ტალანტი მიწაში, ასე რომ, ვაი მას, ვინც უარესი გახდა, იმასთან შედარებით, რაც იყო და ეს გზა ფერისცვალების და ეს საქმე ფერისცვალების უნდა იყოს ჩვენი მთელი ცხოვრების საქმე. გილოცავთ დიდი სიყვარულით ფერისცვალებას, განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ამ მონასტრის დედებს, იღუმენია ქეთევანს, დედებს და დებს და მადლობა ვუთხრა შესანიშნავი და ღირსეული მოღვაწეობისთვის. მე მინდა, დავლოცო სრულიად საქართველო, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის ფერისცვალება, ჩვენი ქვეყნის ფერისცვალება, ქრისტეს გზაზე გაძლიერება და გამთლიანება და ვევედროთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადოს აი, ამ მარადიული თაბორის შუქის ზიარებისა, ამ შუქის და ნათლის ხილვისა, სიხარულისა და ვევედროთ უფალს, რომ ჩვენს გულებში მკვიდრობდეს ნათელი ქრისტესი, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა“, – განაცხადა შიო მესამემ.