წყნეთში, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, დასასვენებელი სივრცე განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის  კომბინირებული სივრცე მოეწყობა.

"გამწვანებულ ტერიტორიაზე განთავსდება ორი საბავშვო გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, სპორტის მოყვარულთათვის კი მოეწყობა ორი ფიტნესზონა, სადაც ტრენაჟორები და მაგიდის ჩოგბურთი დამონტაჟდება. გარდა ამისა, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, სასმელი წყლის შადრევანი, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი ქსელები, ასევე, დაიდგმება საპარკე საქანელა სკამები. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე ვიდეოკამერები განთავსდება. ამასთანავე, მოეწყობა სავალი ბილიკები, დაიგება ბალახი და დაირგვება მცენარეები. განახლებული სივრცე იქნება ძალიან ლამაზი. დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული სივრცით უამრავი ადამიანი ისარგებლებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.