თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს, რომ ის მოსამართლეების წვეულებაზე მიწვეული არ არის.

ხუჭუას თქმით, მის მიმართ ზოგიერთი მოსამართლის მხრიდან სულმდაბალი ქმედებები არ უკვირს.

"მე ამ წვეულებაზე მიწვეული არ ვარ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან იყო გარკვეული წლები, როცა დაპატიჟებული არ ვიყავი. თუ ეს ნამდვილად კორპორატიული შეკრებაა და არ მომიწვიეს, მე ამით არაფერი დამაკლდება. ერთ რამეს ვიტყვი, ზოგიერთი მოსამართლის მხრიდან არ მიკვირს სულმდაბალი ქმედებები ჩემს მიმართ. კონკრეტულ სახელებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ხუჭუამ "ფორმულასთან" საუბრისას.

მოსამართლე ხუჭუა, რომელმაც არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა, აცხადებს, რომ წვეულებაზე არ დაპატიჟებას ამ ფაქტს არ უკავშირებს.

თბილისში, რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეები არიან შეკრებილი. ადგილზე საპროტესტო აქციას მართავენ შეკრებილი არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები და მოქალაქეები. ისინი მოსამართლეებს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.