"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრემიერის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"რასაც ნოდარ მელაძის შაბათში ვუყურე ღარიბაშვილის თვითმფრინავის ამბებზე და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უარესი, დაბადების დღის გამო დაკეტილ ქაჯურ ციხე-რესტორანზე და ხელისბიჭებად ქცეულ შეიარაღებულ სამთავრობო დაცვის თანამშრომლებზე, არის დანაშაულებრივიც და გულისამრევიც. 

ტიპებს უკვე რომ აღარ ეტევათ, უბრალოდ ირგვლივ არწყევენ ფულს. მოპარულ ფულს, ცხადია. ჩემს სოხუმურ ბავშვობაში, ჩემი უსაყვარლესი ძიძა (დონელი კაზაკი) შურა დოროშენკო ასეთებზე ამბობდა с жиру бесятся.

ოლიგარქიული ელიტა ზოგადად ასეთია - გაუნათლებელი, გოიმი, უგემოვნო, ზომიერებადაკარგული, ფულით გადაფსიხებული მდაბიო ქაჯები. საქართველოში - კიდევ უფრო მეტად ასეთია.

ps არ დამავიწყდეს: თამაზ გაიაშვილი - ამაზრზენი მედროვეობის ღვთაება ქართულ მითოლოგიაში", - წერს გვარამია.

Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

როგორც გაიაშვილმა თქვა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. მისივე განმარტებით, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის ანზორ ჩუბინიძე [სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი] უკვეთს.

რაც შეეხება თვითმფრინავის მომსახურებაში გადახდილ თანხას, აირზენას დამფუძნებელი საფასურს არ ასახელებს და ამბობს, რომ "არ იცის".

"არ ვიცი რა ჯდება... მთავრობა იხდის ფულს და მათ ჰკითხეთ. თვითმფრინავის შენახვას, მოვლას, პატრონობას სჭირდება გარკვეული ხარჯი. ფრენას ოპერატიული ხარჯი აქვს... მე არ მინახავს მთავრობა, მეტსაც გეტყვი, [მიხეილ] სააკაშვილი ცხვირის ოპერაციაზე წავიყვანე ბერლინში... არ იყო ეს პირადი საქმე? ოპერაცია ვიცით რატომ გაკეთდა. მას სჭირდებოდა ეს ოპერაცია. კაცი პრეზიდენტი იყო და ჰქონდა ამის უფლება. ახლა ჩვენს პრემიერსაც აქვს იმის უფლება, რომ გაფრინდეს პირად საქმეზეც...

[ღარიბაშვილზე] არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურებრივზე, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებს მთავრობა... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა. პრემიერ-მინისტრია, თქვენ რომელიღაც ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?..

ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მხოლოდ თვითმფრინავი, გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა", - განაცხადა გაიაშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში.

*სამთავრობო თვითმფრინავი კომერციულ ფრენებს არ ასრულებს. ნებისმიერ მსურველს ამ თვითმფრინავის დაქირავება და სარგებლობა არ შეუძლია. "ტვ პირველის" ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავის ფრენების ისტორიაში არ იძებნება მთავრობის წევრების გარდა, ამ თვითმფრინავით გარეშე პირების სარგებლობის არც ერთი ფაქტი. თვითმფრინავი, რომელიც ღარიბაშვილმა შვებულების დროს გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, ხოლო თვითმფრინავს ექსპლუატაციას Georgian Airways უწევს.