რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსი აირჩია.

მისი თქმით, "ფაშინიანი, შესაძლოა, „მტკივნეულად დაეშვას“ ევრაზიულ ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის სკამებს შორის“, რადგანაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, ცდილობს ერევნის ევროკავშირში "შეთრევას“, ხოლო მეორე მხრივ, წევრობისგან მიღებული სარგებლის შენარჩუნებას“.

„ვინმე ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსი აირჩია, ეს პირდაპირ უნდა ვაღიაროთ. მას ჰგონია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობის შორის გაძრომით დასავლეთში ყალბ ავტორიტეტს მოიპოვებს, ჩვენს ქვეყანასთან კავშირების დაკარგვის რისკის ფასად“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობები პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენა და მის ქმედებებს ექნება შედეგები.

"ფაშინიანმა არ დააფასა მოსკოვის მხრიდან ძმური დახმარებისა და მხარდაჭერის მრავალი მაგალითი და აირჩია რუსეთისგან დაშორების კურსი. მისი სახელმწიფო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. დღეს მან ჩვენი ურთიერთობები პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენა. ფაქტობრივად, გაწყვიტა კავშირები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასთან, მაშინ როდესაც სწორედ ამ ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთი ყოველთვის მზად არის, დაიცვას სომხეთი მის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ფაშინიანმა უარი თქვა ევრაზიული კავშირის სამიტებში მონაწილეობაზე, ერევანში აგროვებს რუსეთის მტრებს.

ეს არ დარჩება მისთვის და მისი ხალხისთვის უპასუხოდ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთს „ბანდერული უკრაინის“ გზისკენ უბიძგებს.

"განსაკუთრებით საშიშია, რომ დროებითი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აქტიურად უბიძგებს თავის სამშობლოს ბანდერული უკრაინის სამწუხარო გზისკენ“, – განაცხადა მედვედევმა.