ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი)  ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, 24 მაისს, მას შემდეგ, რაც ტაძრიდან გამოვიდა, პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომელშიც მიტროპოლიტი და მისი თანმხლები ოპერატორი იმყოფებოდნენ. ავტომობილის ჩხრეკისას საბარგულში აღმოაჩინეს „თეთრი ფერის ნივთიერების ოთხი მცირე კონტეინერი“.

მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, ნივთიერების შემადგენლობა, წარმოშობა და ხასიათი კომპეტენტურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

„მე არ მაქვს და არასოდეს მქონია რაიმე კავშირი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, მსგავსი ვარაუდიც კი აბსოლუტურად ცრუა. მოვითხოვ სრულ, დამოუკიდებელ და პროცედურულად გამართულ გამოძიებას“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მიტროპოლიტი ილარიონი 2009 წლიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე იყო. მას პატრიარქ კირილის შესაძლო მემკვიდრედაც მოიაზრებდნენ. 2022 წლის ივნისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ის აღნიშნული თანამდებობიდან გაათავისუფლა და ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის მმართველად დანიშნა. 2024 წლის დეკემბერში სინოდმა ილარიონი ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის მართვასაც ჩამოაშორა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მიტროპოლიტს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი.