თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი ელისო კილაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. 

ელისო კილაძის უფლებადამცველის ვალერი გელბახიანის განცხადებით, გამოძიებამ და სასამართლომ სხდომის დახურვით შეცდომა დაუშვეს და დაამტკიცეს, რომ საქმეში მტკიცებულებები ელისო კილაძის წინააღმდეგ არ არსებობს.

"ჩემი აზრით, პროკურატურამაც და სასამართლომაც სერიოზული შეცდომა დაუშვა იმიტომ, რომ არ უნდა დახურულიყო ეს სხდომა. ამ სხდომის დახურვამ და იმ შეზღუდვამ, რაც ციხეში დაუწესეს ქალბატონ ელისოს, უფრო გააძლიერა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ეშინია საგამოძიებო ორგანოს, რომ მას არ გააჩნია მტკიცებულებები და ეს გამომჟღავნდება, რა თქმა უნდა, საქმე ჩამოიშლება.

საპროცესო კოდექსი მოვიშველიე და არცერთ პირობას, რომელსაც აყენებდა პროკურორი, არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი. კანონში რა წერია, როგორც ჩანს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა. 

საქმის პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით კი, სანამ პროცესი დაიხურებოდა, ელისო კილაძე გარკვეულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობდა და სასამართლოს გაურკვეველ ინფორმაციას აწვდიდა.

"სანამ პროცესი დაიხურებოდა, ის გარკვეულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობდა და სასამართლოს რაღაც გაურკვეველ ინფორმაციას აწვდიდა. ელისო კილაძეს არც ერთხელ თანამშრომლობის და რაიმე ინფორმაციის მოწოდების სურვილი არ გამოუთქვამს. გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დაცვის მხარემაც ჩაატარა, თუმცა არც დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ მოქმედებებში არ არის ასახული ინფორმაცია, რა პოზიციაც ელისო კილაძეს აქვს. იმის მიუხედავად, რომ არ აღიარებს, არც იმის მცდელობას გამოხატავს, რომ რაიმე ფორმით მის შეთქმულების თეორიებში დაგვარწმუნოს“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.