სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით მოქმედი ჯგუფის მიერ საჯარო ადგილას ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას.

კერძოდ, არშაკ ხაჩატრიანს ბრალი ედება 2018 წელს სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩანთაში ჩადებაში, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციის მონაწილისთვის ბრალის წაყენების მიზნით.

მთავარეპისკოპოსის ადვოკატის ცნობით, არშაკ ხაჩატრიანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.