აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების წარმოების უფლებას მისცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ვაშინგტონი კიევს აჩვენებს, თუ როგორ დაამზადოს ეს სისტემები.

"ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ უკრაინას მივცემთ უფლებას, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები დამოუკიდებლად აწარმოოს. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ გააკეთონ ისინი“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს "ტექნიკურად ძალიან რთული საკითხია“, თუმცა დარწმუნებულია, რომ უკრაინა „მას სწრაფად გაუმკლავდება“.

"ჩვენ გვაქვს  Patriot-ები, მაგრამ ჩვენც გვჭირდება. შეგვიძლია რამდენიმეს მიწოდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ისინი სწრაფად შეძლებენ წარმოებას, ჩვენ გავზრდით სიმძლავრეს და კომპანია იქ (უკრაინაში) ჩამოვა“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინას რომ თავიდანვე დიდი რაოდენობით Patriot-ები ჰქონოდა, კიევი რაკეტებისგან სრულად იქნებოდა დაცული.

"მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ მათ ძალიან სწრაფად აწარმოებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.