ევროპელმა ლიდერებმა უკვე აუხსნეს ვლადიმერ პუტინის გუნდს, თუ რა ფორმატში არიან მზად განიხილონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პუტინის პრესმდივნის თქმით, ევროპელებმა მოსკოვს მკაფიო მოთხოვნა წაუყენეს.

როგორც ირკვევა, კიევის მოკავშირეებს კრემლთან ორმხრივი მოლაპარაკებები არ სურთ და მზად არიან მხოლოდ სამმხრივი კონტაქტებისთვის.

"სწორედ დღეს მივიღეთ ინფორმაცია, ევროპელებმა განაცხადეს, რომ რუსებთან ორმხრივ ფორმატში საუბარი არ სურთ, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მხოლოდ სამმხრივ ფორმატში სურთ. სურს თუ არა რუსეთს მშვიდობა? დიახ, რუსეთს მშვიდობა სურს. პრეზიდენტი პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, კონტაქტებისთვის, მათ შორის ევროპელებთან“, – განაცხადა პესკოვმა.

ერთი დღით ადრე ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, დათანხმებულიყო უკრაინასთან ენერგეტიკულ ზავზე  2026-2027 წლების ზამთრისთვის, თუმცა კრემლმა ეს წინადადება მაშინვე უარყო.

"რუსეთი არაფერშია დამნაშავე. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს თავისი ეროვნული ინტერესები და რა თქმა უნდა, ასეთი ულტიმატუმებით, ძალიან რთულია მოითხოვო შუამავლის ან მონაწილის როლი მოლაპარაკებებში“, - განაცხადა პესკოვმა.