პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების შესახებ შეთანხმებების ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა თავდაცვითი პაკეტების ნაწილზე მუშაობა კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან ჩაატარა თათბირი ყველა იმ თანამდებობის პირის მონაწილეობით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პარტნიორებთან კომუნიკაციაზე საჰაერო თავდაცვის სფეროში.

მისივე თქმით, კონკრეტული შეთანხმებების არსებობის მიუხედავად, დახმარების ყველა პაკეტი ჯერ არ განხორციელებულა.

"ნაწილი შესრულდა, მინდა მადლობა გადავუხადო ნორვეგიას, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ახალი თავდასხმები მზადდება, ასევე, აქვთ ინფორმაცია მტრის მიერ სარაკეტო შეიარაღების წარმოებისა და დაგროვების ტემპების შესახებ.

დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინა საკუთარ თავდაცვით პროექტებსაც ავითარებს. კერძოდ, უკვე ამ ზამთარს მოსალოდნელია ანტიბალისტიკური სისტემა FREYJA-ს პირველი პროტოტიპების გამოჩენა და ტესტირება. ამჟამად მიმდინარეობს პარტნიორებთან საჭირო კომპონენტების მიწოდების შეთანხმება და მათი ტექნიკური ინტეგრაციის პროცესი.