უკრაინას შეუძლია არჩევნების ჩატარება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო პროცესის დროს ცეცხლის შეწყვეტა იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში არჩევნებზე მეტ საუბარს დაიწყებს, შესაძლოა, მათი ჩატარება სცადონ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დემოკრატიისგან არ იმალება.

"მაგრამ იმისათვის, რომ არჩევნები იყოს შესაძლებელი, უსაფრთხოების კომპონენტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. და ამერიკას ამაში დახმარება ყველაზე მეტად შეუძლია. თუ არჩევნები ახლაა საჭირო, ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს - სულ მცირე, საარჩევნო პროცესისა და კენჭისყრის მთელი პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მან განმარტა, რომ ეს საკითხი კვლავ განხილვას საჭიროებს. თუმცა, კიევი მიიჩნევს, რომ აშშ-მა არჩევნებისთვის ეს პირობა რუსულ მხარესთან უნდა განიხილოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში აღარ არის დემოკრატია, რადგან დიდი ხანია, არჩევნები არ ჩატარებულა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში ომი "გამოიყენება“ არჩევნების ჩატარების თავიდან ასაცილებლად.

პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მან შეერთებულ შტატებს სთხოვა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში, ის შეიძლება 60-90 დღეში ჩატარდეს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ის პარლამენტარებისგან წინადადებებს ელოდება. ეს ეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც უკრაინას არჩევნების საომარი მდგომარეობის პირობებში ჩატარების საშუალებას მისცემს.

უკრაინის ლიდერმა განმარტა, რომ ის მხარს უჭერს არჩევნების ჩატარებას მანიპულაციებისთვის საფუძვლის შექმნის თავიდან ასაცილებლად.