2 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული იერიში მიიტანეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან სარკინიგზო ხიდზე, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

დარტყმის შედეგად „ლუკოილის“ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნის ტერიტორიაზე (ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი, კსტოვო) ხანძარი გაჩნდა.

ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა (წლიური სიმძლავრე 17 მლნ ტონა ნავთობი), რომელიც ამარაგებს საოკუპაციო ჯარებს.

კომპანია აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელს და საავიაციო საწვავს, საპოხ მასალებს და სხვა პროდუქტებს, რომლებიც გამოიყენება აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ასევე, დაზიანებულია სარკინიგზო ხიდი მდინარე სევერსკი დონეცკზე, რუსეთის არმია ამ ხიდს ფრონტის ხაზზე სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გადასასროლად იყენებდა.

გარდა ამისა, განადგურებულია რუსული ძალების დრონების საწყობი, სადაც აფეთქებები დაფიქსირდა და ერთ-ერთი დანაყოფის სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტი.