უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში საბრძოლო მასალების საცავს დაარტყა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო რუსეთის არმიის 1 060-ე ლოგისტიკური მხარდაჭერის ცენტრი.

უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ადგილზე, სულ მცირე, რვა აფეთქება მოხდა.

"დაკვირვების შედეგები მიუთითებს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მინიმუმ, ხანძრის ორი კერის არსებობაზე და მეორადი დეტონაციის ნიშნებზე. დილის ექვსი საათისთვის ძლიერი ხანძარი იყო ბრიანსკის ოლქის ობიექტზე“, – აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უპილოტო აპარატებმა დაარტყეს რუსეთის ტულის რეგიონში სტრატეგიულ ქიმიურ ქარხანას, რომელიც აწარმოებს საბრძოლო მასალას, დენთს და სხვა სახის მასალებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის.

დღეს დილით ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. მოსკოვის მერის თქმით, თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 22 დრონი ჩამოაგდეს, მოგვიანებით რუსებმა განაცხადეს, რომ 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, აქედან 14 ბრიანსკის ოლქში.