გიორგი მალანიას სერიოზული როლი აქვს როგორც ორგანიზატორს ამ მკვლელობაში, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი მალანია არის პირი, რომელსაც შეეძლო ამ მკვლელობის მართვა.

"მას შეეძლო გადაერჩინა გიგა, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა გიგას მკვლელობაზე. მან იცოდა, რომ იმ დღეს გიგას წუთები ეთვლებოდა. როგორც ჩანს, გაკვეთილის დროს, გიორგი მალანიას და ალექსანდრე გაბაშვილს შორის სატელეფონო კავშირიც არის. იკვეთება ის, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია აიღო გიორგი მალანიადან ალექსანდრე გაბაშვილმა. გაბაშვილმა არ იცოდა როგორი იყო ფიზიკურად გიგა, არ იცოდა როგორი ვიყავი მე, არ იცოდა ჩვენი მისამართი.

8 ოქტომბერს ისეთი ინტენსივობით უკავშირდება გიორგი მალანიას, რომ უდავოა, რომ საუბრობენ ისევ გიგაზე და 9 ოქტომბერს გაიხსნა მერე საქმე ოფიციალურად. 

გიორგი მალანიას სერიოზული როლი აქვს როგორც ორგანიზატორს ამ მკვლელობაში. რომ არა გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი იქნებოდა ცოცხალი - მაშინ რატომ წარუდგინა პროკურატურამ მუხლი შეუტყობინებლობაზე? ეს ახლა უკვე ტექნიკური ნაწილია. ამ წუთში მყარი მტკიცებულება, რომელი მუხლისაც ხელში უჭირავს, იმ მუხლით წაუყენა, თუმცა, პროკურატურამ ჩემზე, თქვენზე, სხვაზე კარგად იცის გიორგი მალანიას როლი ამ საქმეში და მე დარწმუნებული ვარ, მუხლი შეიცვლება და ის იქნება ორგანიზატორი ამ საქმის. საქმე იყო გაჯერებული ირიბი და პირდაპირი მტკიცებულებებით. სწორედ ამ გაწერილმა თავშეკავებამ მაფიქრებინა ის,ხომ არ აკავებთ ვინმე ან რამე, ხომ არ უზღუდავთ მათ ვინმე პროფესიულ უფლებამოსილებას", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი გიორგი მალანია გუშინ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ბრალი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.