უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამი ძირითადი ნაბიჯი დაასახელა, რომელიც დონალდ ტრამპს რუსული აგრესიის შეჩერებასა და უკრაინაში სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფაში დაეხმარება.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა კრემლის გათვალისწინების გარეშე უნდა იმოქმედოს. ის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას და ეკონომიკური აღდგენის გეგმის შემუშავებას თავის მთავარ პრიორიტეტებად მიიჩნევს.

"ვფიქრობ, რომ უნდა მოგვცენ უსაფრთხოების გარანტიები, ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, პუტინთან დიალოგის გარეშე. რადგან ეს არის უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მეორე ნაბიჯი ქვეყნის აღდგენის გეგმის განხორციელებაა. ეს, პრეზიდენტის თქმით, მშვიდობიან ცხოვრებაზე გადასვლის აუცილებელი პირობაა.

"მოგვეცით აღდგენის პაკეტი უკრაინისთვის. ეს ნიშნავს მეორე ნაბიჯს, რომ ჩვენ აღვდგებით და ეს ნიშნავს, რომ მშვიდობა დადგება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოსკოვისთვის ცეცხლის შეწყვეტის პირდაპირი მოთხოვნა.

"დაურეკეთ პუტინს და უთხარით: "თქვენ უნდა გაჩერდეთ იქ, სადაც ახლა ხართ. ჩვენ ახლავე უნდა გავყინოთ კონფლიქტი, შემდეგ კი სამმხრივ ფორმატში შევხვდებით ლიდერების დონეზე და გადავწყვეტთ, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი“, - განმარტა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის ამ პირობების მიღებაზე, შეერთებულმა შტატებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა და დააწესოს უპრეცედენტო შეზღუდვები აგრესორის წინააღმდეგ. კერძოდ, ეს მოიცავს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის სრულ ბლოკადას.

"თუ პუტინი იტყვის "არას", მაშინ დიახ, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოგვცეს ყველაფერი, რაც გვჭირდება ჩვენი გადასარჩენად, დასაცავად და ჩვენი სიძლიერისთვის. მას შეუძლია დააწესოს სანქციები მათ მთელ ენერგეტიკულ სექტორზე, მათ შორის ბირთვული ენერგიის სექტორზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, პირადი ზეწოლა მოახდინონ რუს ელიტაზე, მათ შორის უნდა გააძევონ მათი ნათესავები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში ცხოვრობენ და სწავლობენ.