უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი უკვე დატოვა. ტრამპთან მისი საუბარი გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

ზელენსკიმ თეთრ სახლში დაახლოებით ორ-ნახევარი საათი გაატარა. ზელენსკი არა ტრამპმა, არამედ თეთრი სახლის პროტოკოლის უფროსმა მონიკა კროულიმ გააცილა.

თეთრ სახლში ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრა კარგ ატმოსფეროში დაიწყო, ტრამპმა ბევრი იხუმრა და ზელენსკის კოსტიუმი შეაქო. შეხვედრამდე ორივე ლიდერმა ერთობლივ ბრიფინგზე რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, ზელენსკიმ ტრამპს „ათასობით დრონი“ შესთავაზა „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების სანაცვლოდ. ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ძალიან დაინტერესებულია უკრაინული დრონებით, თუმცა დასძინა, რომ თეთრი სახლი ამჟამად იმედოვნებს, რომ ომი დასრულდება „ტომაჰავკების“ უკრაინაში გადატანის გარეშე.

ტრამპმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შესაძლებლობა არსებობს, თუ ისინი მოქნილად იმოქმედებენ. ომის დასრულების საკითხი ბუდაპეშტში შეხვედრაზე გადაწყდება და ზელენსკი სამიტის დროს დაუკავშირდება.