შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) კიდევ ორ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სანქციებს უწესებს საქართველოს წარმომადგენელ გოჩა ლორთქიფანიძეს და მონღოლ ერდენებალსურენ დამდინს „ისრაელის თანხმობის გარეშე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის მოქალაქეების გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მცდელობებში უშუალოდ მონაწილეობის გამო".

ორშაბათს, ჰააგაში დაფუძნებულმა სასამართლომ უარყო ისრაელის მოთხოვნა, დაბლოკოს ღაზაში მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების მიმდინარე გამოძიება.

"ჩვენ არ შევეგუებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს“, - განაცხადა რუბიომ.

სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერი გასცა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის.