"დღეს ორი ფრონტის ხაზია საქართველოში, ერთი არის რუსთაველის გამზირი და მეორე არის ციხე, ისინი ერთმანეთს ამაგრებენ და მხარდამხარ იბრძვიან", - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა წაიკითხეს.

"მოგესალმებით მეგობრებო, რომ იცოდეთ როგორ მომენატრეთ და როგორ მომენატრა რუსთაველის გამზირი! 
როგორ მომენატრა თქვენთან ჩახუტება და თქვენი გულში ჩაკვრა! როგორ მომენატრა ის დიდებული ატმოსფერო, სადაც ამდენი გულანთებული მოქალაქე იცავდა და იცავს თავის სამშობლოს! როცა ერთად ვართ რუსთაველზე მაშინ არც ცივა, არც წვიმს და არც ქარბუქია, იქ ღამეც კი ნათელია და თბილი. ამას ქმნის ჩვენი ერთობა, სიმტკიცე, თავდადება და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული. 

ჩვენ ყოველთვის ვიღებდით მაგალითს ჩვენი გმირი წინაპრებისგან და ვცდილობდით მათსავით სიმტკიცით გაგვეგრძელებინა ბრძოლა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ არამხოლოდ წინაპრები, არამედ ახალგაზრდებიც გვაძლევენ საუკეთესო მაგალითს. ჩვენი სინდისის პატიმრები და ის გოგო-ბიჭები, რომლებიც შეუპოვრად იბრძვიან 
საამაყონი და მისაბაძნი გახდნენ ჩვენთვის. 

დღეს ორი ფრონტის ხაზია საქართველოში, ერთი არის რუსთაველის გამზირი და მეორე არის ციხე, ისინი ერთმანეთს ამაგრებენ და მხარდამხარ იბრძვიან.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", როცა დიდხანს ფლობ სრულ ძალაუფლებას და ამავე დროს, ხალხის ხარჯზე უზომოდ მდიდრდები, კარგავ რეალობის აღქმას და გგონია, რომ ეს ნორმალურია და ყოველთვის ასე უნდა იყოს. ამიტომაც ისინი ჩვენგან ელიან, რომ ვითხოვოთ შეწყალება და პატიება, მოითხოვენ მოვინანიოთ ის, რაც გვეამაყება. ისინი ისე მიეჩვიენ ბატონობას, რომ ჩვენ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მივაჩნივართ. 

ვიცი, რომ ძნელია შიშველი ხელებით ბრძოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენივე სიმტკიცით და ერთობით, ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრების თანადგომით, გამარჯვება გარდაუვალია და საქართველოში აუცილებლად გამოიდარებს! 

და ბოლოს, ბედნიერებაა, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, მეამაყებით ყველა!", - წერს პაატა ბურჭულაძე.