ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია - "პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში" მიიღო.

დოკუმენტი 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი "მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე, ასევე, უზრუნველყოს ოჯახთან მისი რეგულარული კონტაქტი. ასევე, მოითხოვს ბურჭულაძისთვის შეუფერხებელი საკონსულო წვდომის უფლების სრულ პატივისცემას“.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება“. 

ასევე, ევროპარლამენტარები „დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ“.