რეგიონში რევოლუციური ამბავია, რადგან როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში, აშკარად, ორივე მმართველობა ორიენტირებულია რუსეთის გავლენის დრამატულად შემცირებაზე, უფრო მეტ დამოუკიდებელ პოლიტიკაზე, გახსნილობაზე, მშვიდობის მიღწევასა და რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სატრანზიტო პროექტების შექმნაზე დასავლეთთან ერთად, - ამის შესახებ დიპლომატმა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ინტერესების გაძლიერებაზე ორიენტირებული მოდელით გააგრძელებს მართვას.

"უმრავლესობის მანდატით რომ გააგრძელოს მართვა ფაშინიანმა, ამ წუთის მონაცემებით, შეუძლია. ეს საინტერესო შედეგია, რადგან, ერთი მხრივ, დამაჯერებლად გაიმარჯვა ფაშინიანმა, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს, ალბათ, დიდი თემა იქნება მომდევნო თვეებში, რადგან ერთ-ერთი სერიოზული თემაა, რამდენად მოახერხებდა ფაშინიანი კონსტიტუციის შეცვლას აზერბაიჯანის მოთხოვნის გამო, რომ ის მითითება, რომელიც კონსტიტუციაში აქვს სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, სადაც ყარაბაღია ნახსენები, იყოს შეცვლილი - ეს არის აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია. ამწუთას ფაშინიანი აზერბაიჯანთან მშვიდობის პლატფორმით არის არჩეული, ეს არის პლატფორმა რუსეთისთვის უარის თქმის და ზოგადად, რუსეთის როლის შემცირების სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში, ასევე, ეს არის პლატფორმა ევროინტეგრაციის, ანტიკორუფციული და ანტიკონსტიტუციური რეფორმების, შესაბამისად, ეს ყოვლის მომცველია და სომხეთისთვის გარკვეულწილად რევოლუციური პლატფორმა არის იმ 20-30 წლიანი მმართველობის მოდელისგან განსხვავებული, რომელიც აქამდე არსებობდა. 

ნიკოლ ფაშინიანი მტკიცე იდეებით და პირდაპირი მიწოლით გავიდა ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს სომხეთშია - იზოლაციის პრობლემა, რუსეთზე დამოკიდებულების პრობლემა, ყარაბაღის თემაზე დამოკიდებულების პრობლემა, ოლიგარქების გავლენის და ეკლესიის გავლენის პრობლემა - ყველა ეს პრობლემა ფაშინიანმა კი არ გადადო და კი არ გადაწყვიტა, რომ ჯერ მანდატი მოეპოვებინა და მერე მოეგვარებინა ეს პრობლემები, არამედ ამ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის და წინასაარჩევნო ქმედებების ნაწილად აქცია, შესაბამისად, ამ პირობებში, ის უმრავლესობა, რომელიც მან მიიღო, აჩვენებს იმას, რომ ფაშინიანი სომხეთის ინტერესების გაძლიერებაზე ორიენტირებული მოდელით გააგრძელებს მართვას.

რა თქმა უნდა, ცალკე საკითხი იქნება, რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ, რა პოზიცია ექნება მოსკოვს ამასთან დაკავშირებით და იმ ძალებს, რომლებიც მოსკოვის ინტერესებს უფრო იცავენ და ატარებენ, ვიდრე სომხეთის, სავარაუდოდ, ასეთი, მინიმუმ, ორი პარტია იქნება პარლამენტში. საკონსტიტუციო ძალაუფლება მას არ ექნება, მაგრამ ექნება საკმარისი ძალაუფლება იმისათვის, რომ ეს მნიშვნელოვანი კურსი, რომელიც მან სომხეთისთვის განსაზღვრა, გააგრძელოს. მე მგონია, რომ ეს, საბოლოო ჯამში, რეგიონში რევოლუციური ამბავია, რადგან როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში, აშკარად, ორივე მმართველობა ორიენტირებულია რუსეთის გავლენის დრამატულად შემცირებაზე, უფრო მეტ დამოუკიდებელ პოლიტიკაზე, გახსნილობაზე, მშვიდობის მიღწევასა და რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სატრანზიტო პროექტების შექმნაზე დასავლეთთან ერთად", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

სომხეთში საპარლამენტო არჩევნების ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, სომხეთის ეროვნულ კრებაში ოთხი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი: "სამოქალაქო კონტრაქტი", ბლოკი "ძლიერი სომხეთი“, ბლოკი "სომხეთი“ და "აყვავებული სომხეთი". მანდატების შემდეგნაირად გადანაწილდება: "სამოქალაქო შეთანხმება“ – 61 მანდატი, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატი, ბლოკი "სომხეთი“ – 11 მანდატი, პარტია "აყვავებული სომხეთი“ – 5 მანდატი.