კოორდინაციაზე რამდენი წელი უნდა ვილაპარაკოთ? ბევრად მეტია საჭირო. ადამიანების განცდა უნდა გაჩნდეს, რომ აქეთკენ არის ალტერნატიული ძალა, რომელიც მართლა შეკრულია და მართლა იბრძვის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორშაბათიდან ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს.

"ცხადია, პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზუსტად ისეთი მნიშვნელობის არის, როგორც იყო ჩემს დაჭერამდე. ამ წუთის მდგომარეობით, პროტესტი არის საჯარო დემონსტრირება იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ეგუებიან ამ ქვეყანაში გაბატონებულ დიქტატურას. ამის გაგრძელება არის პრინციპული საკითხი. ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც არის საკეთებელი.

ბიძინა ივანიშვილს ხალხის იმიტომ ეშინია, რომ ზუსტად იცის, ქართველი ხალხის ძალა გამოუტანს წერას. 

რაც შეეხება კანონებს, რამდენად ეფექტურია კანონი, ამის განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზე, რამდენიც გაუვათ. თუ ტროტუარიდან გავიწიეთ, ყველა შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯი იქნება სოციალური ქსელები. ქუჩიდან გადაწიეს ტროტუარზე, ტროტუარიდან სახლში და სახლიდან ლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელში და ბევრად უფრო მეტად დაიწყება სოციალური ქსელების ცენზურა, ვიდრე არის. უკვე არიან ადამიანები, რომლებიც დაიჭირეს "პოსტების" გამო.

თუ რაიმე ნიშანი შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ აქეთკენ დემოკრატიული ძალები შეიძლება არსებობდეს, ყველა ნიშანი უნდა დავაკმაყოფილოთ. კოორდინაციაზე რამდენი წელი უნდა ვილაპარაკოთ? ბევრად მეტია საჭირო. ადამიანების განცდა უნდა გაჩნდეს, რომ აქეთკენ არის ალტერნატიული ძალა, რომელიც მართლა შეკრულია და მართლა იბრძვის. უნდა იყოს შეთანხმება საერთო სიაზე, საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე. 

კონკრეტულ ნაბიჯებს მე ჯერ არ ვიტყვი. ორშაბათიდან მაქვს დაგეგმილი შეხვედრები, დაველაპარაკები ოპოზიციას. ორშაბათიდან იწყება კონსულტაციები", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.