საფრთხე ნამდვილად რეალურია, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკვე მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდეს, – ამის შესახებ დიპლომატმა გიგი გიგიაძე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დგას, რადგან შესაძლოა ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის განხილვა დაიწყოს, შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლოა, ნოემბერში მიიღონ და ის უკვე 2026 წლის იანვრიდან ამოქმედდეს.

"ეს საფრთხე ნამდვილად რეალურია. ევროკავშირის მიერ მოცემული პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები არაფერი შესრულებულა. ანგარიში, რომელიც ბრიუსელში წარმოადგინეს, სრული ფარსია. რაც არ უნდა დაწეროს ხელისუფლებამ, საქართველოში რეალობა არ შეცვლილა. ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმრავლესობა ციხეშია. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების დევნა, მედიის შეზღუდვა და შევიწროება. მე არ მაქვს განცდა, რომ ხელისუფლებას სიტუაციის უკან შემობრუნების უნარი გააჩნია“, – განაცხადა გიგიაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმურად არ აღიქვამენ:

"ამ პოლიტიკურ გუნდს რეალურად არავინ ელაპარაკება. ესენი არ არიან ლეგიტიმური ხელისუფლება. ახლახან მოვისმინე მათი მოწოდება – მოდი, დავსხდეთ და ვილაპარაკოთო. მაგრამ ევროკავშირი ესაუბრება ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მაშინ როცა ესენი მათი მხრიდან არ არიან აღიარებულები.

რეალურად ეს ხელისუფლება ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ნებით არ არის არჩეული და მათ არ წარმოადგენენ. „ქართული ოცნება“ ცდილობს ამის ილუზია შექმნას, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარია.

ხშირად ქართველ ხალხზე საუბრობენ, თითქოს მათი სახელით მოქმედებენ. რეალურად კი ევროკავშირი არ აღიარებს გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმურ ხმად. ამიტომ არანაირი განცდა არ მაქვს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ვითარების შემობრუნება. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამცინავი ტონით, ქუჩური ტერმინებით  ევროკავშირზე ისაუბრა. ასეთ პირობებში წარმოუდგენელია სიტუაციის შემობრუნება", – განაცხადა გიგი გიგიაძემ.