ტრამპის პირველი წელი შედარებით წარმატებული იყო, მაგრამ ახლა ისეთი პირი უჩანს, ის კოჭლი იხვის (lame duck) კატეგორიაში გადავიდეს - განსაკუთრებით, თუ შემოდგომაზე არჩევნებში დემოკრატებმა ისეთ წარმატებებს მიაღწევენ, რასაც მოელიან, - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

"ტრამპის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა მისი სტანდარტებითაც კი მეტისმეტად გიჟურ სტილში მოხდა.

ჯერ იყო აღვირახსნილი პოსტი, სადაც ირანული ცივილიზაციის სრული განადგურებით იმუქრებოდა. მერე უცებ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და ირანელების 10-პუნქტიანი გეგმა მოლაპარაკებისთვის ღირებულ საფუძვლად მოიხსენია. მაგრამ ირანის გეგმა არავითარ დათმობებს არ შეიცავს. მისი თუნდაც ნაწილობრივი მიღება ნიშნავს, რომ ომში გაუმარჯვია .

ტრამპმა მიგვაჩვია, რომ მისი ლაპარაკი სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რეალურ ნაბიჯებს უნდა შევხედოთ. რეალობა კი ისაა, რომ მან ვერ გაბედა სახმელეთო ოპერაციაზე წასვლა ჰორმუზის სრუტის კუნძულების ასაღებად. სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ მათი აღება სავსებით შესაძლებელი იყო, თუმცა ამერიკელთა მხრიდან მსხვერპლის და ომის გაჭიანურების საფრთხეს შეიცავდა.

ბოლო დღეებში ძალიან ეტყობოდა, რომ ომის დასრულება ეჩქარებოდა. ვენესუელის სცენარი არ გამოვიდა, ანუ ირანის ცოცხლად გადარჩენილი ხელმძღვანელობა სერიოზულ დათმობებზე არ წამოვიდა. უფრო ხანგრძლივი ომისთვის კი ტრამპი მზად არ აღმოჩნდა.

თუმცა ამას დროებითი ცეცხლის შეწყვეტა ჰქვია, მსოფლიომ ეს ომის შეწყვეტად აღიქვა. თუ ეს ასეა, დიდი ალბათობით, ეს ომი (მანამდე თორმეტდღიანი ომისგან განსხვავებით) ამერიკის და პირადად ტრამპის წარუმატებლობად შეფასდება.

არა იმიტომ, რომ რეჟიმი არ შეიცვალა - ეს არ ყოფილა ომის გამოცხადებული მიზანი) არამედ იმიტომ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საკმარისად ვერ დაზიანდა და ირანი არსებით დათმოებზე ვერ წამოიყვანეს.

ცხადია, ირანმა უზარმაზარი ზარალი მიიღო, მაგრამ მისი ამოცანა გაძლება იყო და მეტი არაფერი, ჰოდა, გაუძლო.
ომის განახლებასაც ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამის ალბათობა ნაკლებია.

ისრაელისთვის და ნეთანიაჰუსთვის ეს იმდენად ცხადი წარუმატებლობა არ არის, ცხადია, მათ მეტი უნდოდათ, მაგრამ ირანის სამხედრო პოტენციალის სერიოზული შემცირებაც მათთვის საქმეა. ამერიკის პრეტენზია და ფსონი კი გაცილებით მაღალია.

ტრამპის პირველი წელი შედარებით წარმატებული იყო, მაგრამ ახლა ისეთი პირი უჩანს, ის კოჭლი იხვის (lame duck) კატეგორიაში გადავიდეს - განსაკუთრებით, თუ შემოდგომაზე არჩევნებში დემოკრატებმა ისეთ წარმატებებს მიაღწევენ, რასაც მოელიან", - წერს ნოდია.